ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ რუსეთს გერმანული სამხედრო საწარმოს ხელმძღვანელის მკვლელობის გეგმა ჩაუშალა. ტელეკომპანია CNN-ი ექსკლუზიურ მასალაში ჰყვება, რომ რუსეთის მთავრობა გერმანული კომპანიის „რაონ მეტალის“ აღმასრულებელი დირექტორის, არმინ პაპერგერის მკვლელობას შურისძიების მიზნით გეგმავდა.
საწარმო უკრაინისთვის დიდი ოდენობით საარტილერიო ჭურვებსა და სამხედრო ტექნიკას ამზადებდა. CNN-ს წყარომ გაანდო, რომ ეს რუსეთის მიერ დაგეგმილი შეთქმულების მხოლოდ ერთი ეპიზოდია და მოსკოვი ევროპის მასშტაბით, უკრაინის მხარდამჭერი სამხედრო საწარმოების კიდევ რამდენიმე ხელმძღვანელზე გეგმავდა თავდასხმას.
ვაშინგტონსა და ბერლინს CNN-ის ცნობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა ნატოს გენერალულმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი მზად არის რუსეთის მიერ ევროპაში გაჩაღებული დივერსიული კამპანია აღკვეთოს.