პირმა, რომელსაც ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე საქართველოს სასამართლოს მიერ 2015 წელს დაუსწრებლად მიესაჯა პატიმრობა, სახელი და გვარი რამდენჯერმე შეიცვალა.
ბესიკ ხარძიანის მკვლელობის მუხლით გასამართლებულ პირს თურქეთში დაკავებისას შეცვლილი გვარი ჰქონდა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებისას მისი გვარი ემილ ალიევი იყო.
მანამდე ხარძიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირი ორი სხვა სახელითა და გვარით რეგისტრირდებოდა.
თურქეთში დაკავებული პირი საქართველოში გასამართლებულია ფარიდ გურბანოვის სახელით და გვარით, თუმცა ბესიკ ხარძიანის მკვლელობის დროს მას ოლეკსანდრ დამეტოვი ერქვა.
საქართველოს სასამართლომ მას ბესიკ ხარძიანის მკვლელობისთვის, ოლეგ დოევთან ერთად, 2015 წელს 19-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 28 მარტს ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი ფარულად უთვალთვალებდა, მივიდა მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ფარიდ გურბანოვი მას შეჰყვა სადარბაზოში, მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის, ერთი საკონტროლო – თავის არეში. ფარიდ გურბანოვმა და ოლეგ დოევმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით იმავე დღეს დატოვეს საქართველო. სასამართლო განხილვისას დაიკითხა 50-მდე მოწმე, გამოკვლეული იქნა ცხრა ტომად წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები. ამის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ფარიდ გურბანოვმა და ოლეგ დოევმა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინეს.
გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა, განაცხადა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი. გაბიტაშვილის განმარტებით, დაკავებულია უშუალოდ დანაშაულის აღმსრულებელი, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური, შეკვეთილი მკვლელობის ჩადენაში. გენერალური პროკურორის განმარტებით, მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.