ესპანეთის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კიბერთავდასხმებში სამთავრობო ვებგვერდებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. კიბერთავდასხმები, სავარაუდოდ, განხორციელდა საჯარო და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე სამთავრობო სექტორში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურებსა და ძირითად სერვისებზე იმ ქვეყნებში, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას რუსეთთან კონფლიქტში.
ეჭვმიტანილი ჰაკერები დააკავეს მაიორკაში, უელვაში და სევილიაში. პოლიციამ გაავრცელა ერთ-ერთი ჩხრეკის კადრები, მაგრამ არ დაასახელა სახელები და არ თქვა, წაუყენეს თუ არა მათ ბრალი. ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში, რომლის ჩხრეკის კადრებიც გავრცელდა, კედელზე ჩანს საბჭოთა კავშირის დროშა.
პოლიცია მიიჩნევს, რომ დაკავებულები იყვნენ პრორუსული ჰაკერების ჯგუფის NoName057(16) ნაწილი, რომელიც გააქტიურდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
“ეს კომპიუტერული თავდასხმები ორგანიზებული იყო ჰაქტივისტური ჯგუფის NoName057(16) მიერ (რომელიც დაიწყო) რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ და (რომელიც იყო) ერთ-ერთი ყველაზე აქტიური“, – ნათქვამია სამოქალაქო გვარდიის განცხადებაში.
უწყების განცხადებითვე, საკუთარ მანიფესტში ეს ჯგუფი აღიარებს, რომ ისინი “პროპორციულად უპასუხებენ დასავლელი რუსოფობების მტრულ და ღიად ანტირუსულ ქმედებებს”.