გლობალური ომის პარტიას რაც შეეხება, ესენი არიან ძალები, რომლებიც დგანან მეორე ფრონტის ინტერესის უკან. ჩვენ არასდროს, არც ერთხელ გვითქვამს, რომ როგორც ასეთი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროკავშირი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მან აღნიშნა, გლობალური ომის პარტიაში კონკრეტულ ძალები იგულისხმება.
„და ვაკავშირებთ ამ კონკრეტულ ძალებთან მათ შორის ბატონი ტრამპის მოკვლის ინტერესს, ბატონი ფიცოს მკვლელობის ინტერესს, ვაკავშირებთ ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარის და მინიშნების ინტერესს, ვაკავშირებთ მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის და მის მიმართ ტერორისტული აქტის მოწყობის ინტერესს. და როდესაც უსამართლო კრიტიკას ვიღებთ სხვადასხვა კონკრეტული ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკოსისგან, ისმება კითხვა.
თუ ეს ვერსია, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ – და ჩვენ ამაში დარწმუნებული კი არ ვართ, ვიცით და არსებობს კულისებში საკითხები, რომლებზეც ვერ და არ ვლაპარაკობთ, რომ არ გადავლახოთ წითელი ხაზები და ღმერთმა არ ქნას, საქართველოს გადასარჩენად ყველაფრის თქმა, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა მოგვიწიოს. სხვა მიზანი ამას არ ექნება. აქედან გამომდინარე, თუ ეს ვერსია არასწორია, მაშინ რა არის სწორი ვერსია? რატომ აკრიტიკებენ საქართველოს უსამართლოდ? რატომ ჩნდება ფრაზები ჩვენი პარტნიორი ქვეყნის კონკრეტული პოლიტიკოსის საუბარში, რომ გვამხელენ სიცრუეში ცრუ ნარატივით.
ჩვენ ამ ძალებს ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას და სხვა ქვეყნის მოქალაქემ ან პოლიტიკოსმა უნდა დამითქვას, ხალხის მიერ არჩეულმა ერთ-ერთმა ლიდერმა რა დავარქვა და რა ვუწოდო ვიღაცას? ჩვენ იმ ძალებს, რომლებიც ამ ინტერესების უკან დგანან, ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი შეფასებით, არის მცდელობები სიცრუეში სიცრუით მხილების.
„გამახსენეთ ერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკას ომი უნდა. ჩვენ არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ გლობალური ომის პარტიაში ვგულისხმობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს. მაინც და მაინც გვაძალებენ, რომ თქვენ ამას გულისხმობთო და არ ვგულისხმობთ. ანუ ტყუილში მხილება გადაწყვიტეს ტყუილით. პირიქით, მე ვამხელ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ტყუილია, რომ ამერიკას ომი უნდა. არ გვითქვამს ასეთი რამ და იქით უნდა ვამხილოთ ტყუილში ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს, უნდა გავბედოთ ეს, ამას ვბედავთ და ამისთვის ცდილობენ ჩვენს დასჯას ვიღაც-ვიღაცები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.