მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელი ყრილობის ჩატარება, მოძრაობის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ რატომღაც, სპორტის ახალ სასახლეში ჩაატარა. ეს გადაწყვეტილება ცოტა ბუნდოვნად ჩანდა დასაწყისში, მაგრამ სულ ცოტა ხანში ნათელი გახდა, რომ პაატა ბურჭულაძე პირველი პოლიტიკოსია, რომელმაც ხალხის ყველაზე მცირე ზომის დარბაზი შეარჩია “პარტიული დეგუსტაციისთვის”. ცნობილია და დასამალიც არაფერია, რომ ახალი სპორტის სასახლე მხოლოდ 3600 კაცს იტევს. პაატა ბურჭულაძეს რომელსაც ძალზედ მცირე ზომის პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს, უმალვე გაუჩნდა ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია და რამდენჯერმე, რიხით და როყიოდ წარმოსთქვა:,- “ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას!” ეს სიტყვები დღესაც, ლამის ლაიტმოტივად გასდევდა ყრილობის მსვლელობას.
”მე ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ, ბოლო რამდენიმე თვეა ფეხით შემოვიარე საქართველო. ვიყავი კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში. ბევრი პირადად გავიცანი, ბევრს ხელი ჩამოვართვი. ჩემი სურვილი ნამდვილად არ არის, რომ ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად იქნება ხალხისთვის, ამიტომ, ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია! ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები! ჩვენ ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანი, ვიდრე წინა მთავრობები! მე მწამს, რომ ეს მნიშვნელოვანი წუთებია თითოეული ჩვენგანის ისტორიაში, რადგან დღეს იბადება მოძრაობა, რომელიც გამოაღვიძებს მიძინებულ საქართველოს, რადგან დღეს იბადება ძალა, რომელიც არა შუღლით და მტრობით და ერთმანეთის შეურაწყოფით, არამედ სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით შექმნის ახალ სახელმწიფოს, სახელმწიფოს ხალხისთვის”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას.
სპორტის ახალი სასახლე, სადაც პაატა ბურჭულაძემ ყრილობა ჩაატარა, 3 600 ადამიანს იტევს
2016/05/28 18:53:22
კომენტარები
ნანახია: 2715 ჯერ