ბოლო დროს ბევრს კამათობდნენ იმაზე, შეძლებდნენ თუ არა ოლიმპიურ თამაშებზე ტრიატლონისტები მდინარე სენაში ასპარეზობას. ბავარიაში მოცურავეებს შეუძლიათ, ტბების უმეტესობაში უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. მაგრამ რამდენად სუფთაა ბავარიის მდინარეები?
დიტერ გიოპფერტისთვის ყველაფერი ნათელია: ტრიატლონისტებს, ცხადია, შეუძლიათ, ამ შაბათ-კვირას მაინში იასპარეზონ. „15 წლის განმავლობაში ჩვენ არასდროს გვქონია პრობლემა წყლის ხარისხთან დაკავშირებით. რეკორდულ, 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზეც კი მაინში ბანაობა შესაძლებელი იყო“, – ამბობს გიოპფერტი „ბავარიის რადიოსთან“ („Bayerischer Rundfunk – BR“) ინტერვიუში. ამ შაბათ-კვირას კიცინგენში ის მაინის ტრიატლონს (Mainfrankentriathlon) აწყობს. მასში მონაწილეობის მისაღებად 700-მდე სპორტსმენია რეგისტრირებული.
ტრიატლონისთვის ძალიან დაბინძურებულია
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სენის წყლებში ტრიატლონის ჩატარება ბოლო დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ ორგანიზატორებმა „მწვანე შუქი“ მაინც აუნთეს.
სენაში ბანაობა 1923 წლიდან აკრძალულია. დიდი ხნის განმავლობაში მდინარე ძალიან იყო დაბინძურებული. ბოლო დროს პარიზმა 1,4 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო მდინარის გაწმენდაში: აშენდა წვიმის წყლის აუზები და წყლის გამწმენდი ნაგებობები, გაუმჯობესდა კანალიზაციის სისტემა და სანიტარული ქსელი. ასევე აიკრძალა ჩამდინარე წყლების მდინარესთან მიერთება.
სახელმწიფო სამსახური ბავარიის მდინარეებში წყლის ხარისხს აანალიზებს
ზაფხულში ბავარიაში მთელი ქვეყნიდან ჩამოსული ხალხი, ძირითადად, მდინარე მაინში, დუნაიში ან ინში გრილდება. მიუნხენში კი, ბანაობის მსურველთ, უფრო მდინარე ისარი იზიდავთ. გარემოს დაცვის სახელმწიფო სააგენტოს (LfU) ბიოლოგის, მარტინ მერტლის თქმით, მდინარეებში ცურვის მოყვარულთ პათოგენების შიში და დაბინძურების საფრთხე, როგორც წესი, არ აწუხებთ. ეს იმით არის განპირობებული, რომ აქ გამწმენდი ნაგებობები მოდერნიზებულია, ჩამდინარე წყლები კი ულტრაიისფერი დეზინფექციის სისტემებით არის აღჭურვილი. ამასთან, მერტლი ხაზს უსვამს: „ჩამდინარე წყლების ჩვეულებრივი გაწმენდა პათოგენების საკმარის განადგურებას ვერ უზრუნველყოფს “.
გარემოს დაცვის სახელმწიფო სააგენტო ბავარიის მდინარეებში წყლის ხარისხს სისტემატურად აანალიზებს. მერტლი განმარტავს: „მდინარეები მათი ქიმიური და ეკოლოგიური მდგომარეობის მიხედვით ფასდება“. ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე დამაბინძურებლები აღირიცხება, ხოლო მეორე მხრივ, – ეკოსისტემის მდგომარეობა ფასდება.
მიზანი: 2027 წლისთვის წყლის ყველა ობიექტი ბავარიაში კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს
წყლის შესახებ ჩარჩო დირექტივის თანახმად, 2027 წლისთვის ბავარიაში არსებულმა წყლის ყველა ობიექტმა კარგ ქიმიურ და ეკოლოგიურ კონდიციას უნდა მიაღწიოს. ეს ადვილი ამოცანა არ არის: LfU-ს გათვლებით, პრობლემა მდინარეების 20 პროცენტს, მათ შორის, ალპებისა და ბავარიის მთიანეთის წყალნაკადებს ეხება.
მერტლის ვარაუდით, სხვა მდინარეების წყლის ხარისხის აწევას კიდევ უფრო მეტი დრო (სავარაუდოდ, დაახლოებით 2045 წლამდე) დასჭირდებათ. ექსპერტი „გრძელვადიანი დაგეგმვის, დამტკიცებისა და განხორციელების პროცესებზე“ საუბრობს, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარეა ჩართული. გარდა ამისა, შესაბამის უწყებებს სჭირდებათ ფული, ეკოსისტემას კი – დრო სათანადო რეაგირებისთვის.
წვიმამ მდინარეები, შესაძლოა, დროებით დააბინძუროს
თუმცა, მერტლი ვერ ხედავს სერიოზულ პრობლემებს ბავარიაში კანალიზაციასთან მიმართებაში, როგორც ამას ბოლო წლებში მდინარე სენაზე ჰქონდა ადგილი. ეს პრობლემა ბავარიაში კარგად კონტროლდება. თუმცა, პათოგენური მიკროორგანიზმებით დაბინძურების შეფასებისგან LfU თავს იკავებს: წვიმამ შეიძლება დროებით იმოქმედოს წყლის ხარისხზე – როგორც ეს ცოტა ხნის წინ პარიზში მოხდა, როდესაც მამაკაცი ტრიატლონისტების შეჯიბრების დაწყება გადაიდო. „მიკროორგანიზმებით დაბინძურების თავიდან აცილება, ძლიერი წვიმის დროს, შეუძლებელია, რადგან ჩვენს ქალაქებში საკანალიზაციო ქსელები ძალიან გაიზარდა და ძლიერი ნალექის დროს, ისინი მდინარეში უნდა მიემართოს“, – განმარტავს მერტლი.
კიდევ ერთი პრობლემაა წყლის ხარისხი, მაგალითად, – ნიურნბერგში. ფუქსლოხის მაღალი ტალღები პეგნიცეში სერფერებს იზიდავს. თუმცა, პეგნიცეში ბანაობა ოფიციალურად არ არის დაშვებული. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩამდინარე წყლებისა და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის ჩაყრის გამო, წყალი შეიძლება მიკრობებს, ბაქტერიებს და პარაზიტებს შეიცავდეს და ამან კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. თუმცა, საწყალოსნო სპორტი აქ მაინც ლეგალურია და პოტენციური რისკის შესახებ სერფერებმაც კარგად იციან. შესაბამისი სამსახურები წყლის ხარისხს მუდმივას ამოწმებენ და სპორტსმენებს ინფორმაციას აწვდიან.
ტრიატლონი მდინარეზე – განსაკუთრებული გამოცდილება
დიტერ გიოპფერტი მაინზე ტრიატლონის გამართვას მშვიდად უყურებს. 400 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარე მაინი ყველაზე გრძელია ბავარიაში. მისი წყლის ხარისხი რეგულარულად მოწმდება. ამიტომ, შეჯიბრების ჩატარების ნებართვა გიოპფერტმა მხოლოდ ცოტა ხნის წინ მიიღო.
მას არ აწუხებდა, რომ წყლის ცუდი ხარისხის გამო კონკურსის გადადება მოუწევდა. მაგრამ მაინი ასევე არ არის სენა და არ მიედინება მსოფლიო მეტროპოლიაში. და მდინარე სპორტსმენებისთვის უპირატესობაც კი წარმოადგენს, ამბობს გოპფერტი: „ყველაზე სწრაფი ცურვის დრო მიიღწევა მაინში ქვემოთ დინაში“.
მას არ აწუხებდა იმის შიში, რომ, წყლის უხარისხობის გამო, შეჯიბრის გადადება მოუწევდა – მაინი ხომ სენა არ არის და მსოფლიო მეგაპოლისში არ მიედინება! უფრო მეტიც, – მდინარეზე ასპარეზება სპორტსმენებისთვის გარკვეული უპირატესობაა. „ყველაზე მაღალ შედეგებს ისინი მაინის ქვედა ნაწილში ასპარეზობისას აღწევენ“, – დასძენს გიოპფერტი.