საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გაერო-ში საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების თემა, ის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გაერო აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების კუთხით მონიტორინგის აუცილებლობას.
”კერძოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, ადამიანის უფლებათა საკითხებში დაევალა, რომ შეისწავლოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში გააცნოს ადამიანის უფლებების საბჭოს მომდევნო სესიებზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს იმას, რომ ყურადღება და კონსოლიდაცია ჩვენი გამოწვევების წინაშე იყოს ერთიანი, გვქონდეს ძალიან დიდი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, საქართველოს დეოკუპაციის კუთხით გადაიდგას მომდევნო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.