თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გარემოვაჭრეებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის უფლება აღარ მიეცემათ:
“გარემოვაჭრეებს, როგორც ადრე, ისე ახლაც მიეცათ გაფრთხილება უკანონო საქმიანობის აღკვეთის თაობაზე, რასაც მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად, თბილისის მერია მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით და გაფრთხილებისამებრ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ”, მერიის ინფორმაციითვე, ბაზრობების ასოციაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ასოციაცია მზადაა, დაუყოვნებლივ, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, სავაჭრო ადგილი დაუთმოს თითოეულ მათგანს.
ბაზრობების დირექცია მეწარმეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის. გარემოვაჭრეებს მერია შემდეგ ტერიტორიებზე ვაჭრობას სთავაზობს: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამოს მიმდებარე ტერიტორია, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნისა და სამგორის ბაზრობების ტერიტორიები.
“გარდა ზემოაღნიშნულისა, მოვუწოდებთ ყველას, ნუ ეცდებიან თემით სპეკულირებას, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა უკანონო საქმიანობაა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთანაც, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება”-ნათქვამია განცხადებაში.