უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ „ტელეგრამი“ საფრთხეა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
ამის შესახებ ბუდანოვმა „რადიო ქარტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ტელეგრამი“ მავნებელია, მე არასდროს მეშინოდა ამის თქმის. ეს არის საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამას აბსოლუტურად პირდაპირ ვამბობ და ეს დოკუმენტურადაც გაგვიკეთებია. ჩვენი კვლევების თანახმად, „ტელეგრამი“ არის საზოგადოებაში ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო. მან აბსოლუტურად ყველაფერს გადაუსწრო. მე არ ვემხრობი, რომ უბრალოდ ავდგეთ და დავხუროთ ის. ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია, თუმცა შესაძლებელი. მე ვემხრობი იმას, რომ მოხდეს ყველა „ტელეგრამ არხის“ „გაფიზიკურება“. თუ გინდა რამე ამბების გავრცელება – კეთილი, დარეგისტრირდი, რომ ყველას ესმოდეს, რომ ეს არხი არის რუსეთის მოქალაქის ან უკრაინის მოქალაქის. და მაშინ მას ეკისრება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, „ტელეგრამის“ დაბლოკვა, როგორც ეს მოხდა პლატფორმების „ოდნოკლასნიკის“ და „ვკონტაქტეს“ შემთხვევაში, ტექნიკურად უფრო რთული, თუმცა შესაძლებელია.
ამასთან, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა სოციალურ ქსელ X-ს უვნებელი უწოდა.