ევროკავშირმა 2024 წლის პირველ ნახევარში 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული მეტალურგიული ნედლეული იყიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია საკონსულტაციო კომპანია GMK Center-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ევროკავშირში განხორციელდა 2,87 მილიონი ტონა რუსული წარმომავლობის მეტალურგიული ნედლეულის იმპორტი. იმპორტის ძირითადი მოცულობა ნახევარფაბრიკატებზე მოდის. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველს ექვს თვეში ევროკავშირის ქვეყნებმა 1,71 მილიონი ტონა ლითონის ფილა შეიძინეს, აქედან ყველაზე მეტი ბელგიამ, იტალიამ, დანიამ და ჩეხეთმა.
იმპორტის მოცულობის დიდი ნაწილი რუსულ თუჯზე მოდის, რომელსაც ძირითადად იტალიასა და ლატვიაში ყიდულობენ. ასევე, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირში 2024 წლის პირველ ნახევარში 74,3%-ით გაზრდილია რუსეთიდან ფეროშენადნობების იმპორტი.