სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ ევროპული დონის განათლება მიიღონ, ერთად იცხოვრონ, ისწავლონ და ამ მხრივ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში გამორჩეულია, – განაცხადა მეცნიერმა, მათემატიკოსმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე მესხმა „დღის ქრონიკასთან“.
მან უნივერსიტეტის დაფუძნების პერიოდი გაიხსენა და იმ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც უნივერსიტეტმა წარმატებით დაძლია.
„ეს უნივერსიტეტი გაიხსნა 2020 წელს, ეს გახლდათ რთული პერიოდი, პანდემიის პერიოდი. პირველი წელი ლექციები და გამოცდები ფაქტობრივად ონლაინ რეჟიმში ტარდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ უნივერსიტეტში დაიწყეს მოღვაწეობა უკვე გამოცდილმა სპეციალისტებმა. რამდენიმე პროფესორი უკვე მოღვაწეობდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ფილიალში, უკვე გვქონდა გამოცდილება ონლაინ რეჟიმში ლექციების წარმართვისა, გვქონდა ტრენინგებიც გავლილი ამერიკულ მხარესთან და ეს სირთულეები წარმატებით გადავლახეთ. გარდა ამისა, ქართველებთან ერთად ქუთაისის უნივერსიტეტში ლექციებს გერმანელი პროფესორებიც კითხულობენ და ერთობლივმა ძალისხმევამ გამოიღო შედეგი, რომ პირველი, ყველაზე რთული წელიწადი წარმატებით ჩამთავრდა. სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ ევროპული დონის განათლება მიიღონ, ერთად იცხოვრონ, ისწავლონ და ამ მხრივ ის რეგიონში გამორჩეულია“, – განაცხადა ალექსანდრე მესხმა.