საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კატეგორიულად გმობს ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემას.
„[რაკეტების] ეს გადაცემა უშუალო საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის და წარმოადგენს არსებით მატერიალურ ესკალაციას [მიმდინარე ომში]. […] ევროკავშირის პოზიცია რუსეთის ომში ირანის ჩართვასთან დაკავშირებით ყოველთვის მკაფიო იყო. ევროკავშირმა არაერთხელ გააფრთხილა ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ“, – ნათქვამია ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.
„ევროკავშირი უპასუხებს სწრაფად და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში, მათ შორის ირანის წინააღმდეგ ახალი და მნიშვნელოვანი შემზღუდავი ზომების დაწესებით და ამ მხრივ განიხილავს შემზღუდავ ზომებს ირანის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ“, – დასძინა მან.