საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხაილ როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ფეხბურთელებსაც კი.
სამხარაძის განმარტებით, სწორედ ამ მიზეზის გამო არ ხვდება „ქართული ოცნება“ მიხაილ როთს.
„ამ განცხადებების გამო ბოდიშს ვიდრე არ მოიხდის, არ შევხვდებით. დავანებოთ თავი, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე იყო და ოპოზიციის მისწრაფებებს მხარი დაუჭირა, რაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. ეს ყველაზე ნაკლები უბედურებაა. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მან საკუთარი განცხადებებით შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენ, ჩვენს ხალხს და ჩვენს ეკლესიას. ძალიან მაინტერესებს, ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრაზე რომ დაუსხდებიან, აპირებენ თუ არა, გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადოს? გაგახსენებთ, მან თქვა, რომ მართლმადიდებლობა არის სიბნელე, მართლმადიდებლობასთან ერთად, საქართველოს და ახალგაზრდებს ევროკავშირში მომავალი ვერ ექნებათო. ასევე, „ქართული ოცნება“ არის ქართული კოშმარი და რუსული ხელისუფლებაო. როთმა ქართველებზე, ფეხბურთელებზე თქვა, სამარცხვინოა, თანხა რომ აიღესო. ვინც ამას საჯაროდ ამბობს, მასთან შეხვედრის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. კრიტიკა ერთია, შეურაცხყოფა სხვა რამეა. ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, მათთან ვსხდებით და დისკუსიას ვაგრძელებთ, რადგან კრიტიკა ჩვეულებრივია, როცა პარტნიორებს ესაუბრები. ამიტომ ჩვენ კრიტიკას კი არ ვებრძვით, არამედ შეურაცხყოფას. ამ ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსი როცა ჩამოდის, მან საკუთარ თავს არ უნდა მისცეს უფლება, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ქართველ ხალხს, ქართულ ეკლესიას ან ქართველ ფეხბურთელებს, რადგან ამაყი და თავმოყვარე ხალხი ვართ. ვინც არ უნდა იყოს, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება თუ კოლეგა, არავისგან მსგავს შეურაცხყოფებებს არ მივიღებთ. ვიდრე ბოდიშს არ მოიხდის, მასთან შეხვედრა არ გვექნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.