დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულ პირს არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის სამთავრობო უწყებებთან, – განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გმობს ყველა სახის პოლიტიკურ ძალადობას.
„ამ ეჭვმიტანილს არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის სამთავრობო უწყებებთან და არასდროს უბრძოლია უკრაინის მხარეს საერთაშორისო ლეგიონის ან უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების შემადგენლობაში“, – აღნიშნეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებული რაიან უესლი რუთი უკრაინის მხარდამჭერი აქტივისტია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლების აგიტაციას ატარებდა.
სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა. პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.
ბუჩქებში სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის ავტომატური იარაღი, ორი ზურგჩანთა და ვიდეოკამერა იპოვეს.