ქვეყნისთვის აშშ-თან ფრენები მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, კვარტალში ერთხელ ვხვდებით ამერიკულ ავიაკომპანიებს, ვცვლით ინფორმაციას გაზრდილი მგზავრთნაკადების შესახებ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ბრიტიშ ეარვეისის“ საქართველოში შემოსვლა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ამერიკასთან პირდაპირი ავიაფრენების დაწყების კუთხით.
„ჩვენი ქვეყნისთვის აშშ-თან ფრენები არის გამორჩეულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. წლებია, ვმუშაობთ აღნიშნული მიმართულებით. თუმცა ავიაციაში ეს არის ნორმალური პრაქტიკა, რომ მუდმივად, წლების განმავლობაში მუშაობ პოტენციურად პარტნიორ ავიაკომპანიებთან, აწვდი ციფრებს, სტანდარტული სამუშაო პროცესია.
გვესმის, რომ ინტერესი მაღალია, ჩვენი სურვილიც არის, რომ კონკრეტული მოლაპარაკებები წარმატებულ დასასრულამდე დროულად მივიდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი. ჩვენი ყოველი შეხვედრის, საერთაშორისო ფორუმებისა თუ სხვა ფორმატების განმავლობაში, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ალბათ კვარტალში ერთხელ გვაქვს შეხვედრები ამერიკულ ავიაკომპანიებთან, ჩვენი გუნდი მუდმივად კავშირზეა მათთან. გვაქვს ინფორმაციის მუდმივი გაცვლა, მათ შორის გაზრდილი მგზავრთნაკადების, გაზრდილი ტურისტული ნაკადების შესახებ.
მინდა, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე British Airways-ის შემოსვლა არის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ დავაჩქაროთ ამერიკასთან პირდაპირი ფრენების სტიმულირება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ British Airways-ს აქვს ზიარი კოდის თანამშრომლობა American Airlines-თან. მათ ისე დაგეგმეს საქართველოში ფრენების განრიგი, რომ არის ძალიან კარგი კავშირი ამერიკის ფრენებთან. ეს დაასტიმულირებს ამერიკიდან ტურისტული ნაკადების შემოსვლას საქართველოში, გაზრდის მგზავრთნაკადს. ასე რომ, British Airways-ის შემოსვლა არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ამერიკასთან პირდაპირი ავიაფრენების დაწყების კუთხით“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.