16 სექტემბერს მედია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ვახტანგ ლემონჯავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ავტომანქანა ქვებით დაუმტვრია, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე ყურადღება გამახვილა არადეკლარირებული საარჩევნო აგიტაციის შესახებ და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ აირჩიე ევროპა“ აქტიურად არის ჩართული მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოითხოვა ორგანიზაციის ფინანსური ინფორმაცია.
„არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურად არის ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მმართველი გუნდის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან ოპოზიციურ მედია სივრცეებში. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ანტიკორუფციულმა ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა ა(ა)იპ „აირჩიე ევროპის“, როგორც გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე პირის და მისი დამფუძნებლებისგან ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვა ამავე ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით. ორგანიზაციებმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, ნაცვლად ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ არადეკლარირებულ პოლიტიკურ აქტივობებზე რეაგირებისა, ანტიკორუფციული ბიუროს საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს.“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ „აირჩიე ევროპა“-ს გამგეობის წევრებმა, წლების განმავლობაში სხვადასხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა რაოდენობის თანხა შესწირეს, რაც ორგანიზაციის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
„იმის აღსაქმელად, თუ რამდენად ნეიტრალური და მიუკერძოებელია ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, გვსურს საზოგადოებას გაგაცნოთ ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრები, რომლებმაც წლების განმავლობაში განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ. კერძოდ:
ივანე ჭყონია – 2021 წელს 1000 ლარის შესწირა პარტია „დროას“; გიორგი რუხაძე – 2015 წელს 4920 ლარი შესწირა „ქრისტიან-დემოკრატიულ“ პარტიას; სოფიკო ჭყონია – 2022 წელს 500 ლარი შესწირა პარტია „დროას“; გიორგი პაპელიშვილი – 2016 წელს 501 ლარი შესწირა პაატა ბურჭულაძის პარტიას; გიორგი თაქთაქიშვილი – 2017 წელს 3115 ლარი შესწირა „ეროვნულ ფორუმს“; ნიკოლოზ შურღაია – 2020-2021 წლებში 35000 ლარი შესწირა პარტია „ლელოს“.“ – განაცხადა მიქანაძემ.