მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის და, ანა აბრამიძე რუსთავი 2-თან, PS-თან საუბრობს დის შესახებ.
“ყოველთვის უნდოდა ჩემს დას, რომ წავეყვანე სადმე გადაცემაში, გვესაუბრა ჩვენს დობაზე და ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა, ამ პოზიციაში მიწევს ტელევიზიასთან საუბარი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ცხოვრებაში, ვერ წარმომედგინა, რომ მას რამე დაემართებოდა”, – ამბობს კესარია აბრამიძის და.
ის ასევე საუბრობს მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის შესახებ:
“მისი დანახვაც არ მინდა… მის სახელსაც კი არ ვახსენებ. მე არ მოვწონდი და ყველაზე მეტად მიხარია, რომ არ მოვწონდი. გავიგე, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება და უნდა ვთქვა, რომ არანაირი განცხადება არ გამიკეთებია, არც მისი სიკვდილი მინდა. მინდა რომ ძალიან დიდხანს იცხოვროს, გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს” – ამბობს ანა აბრამიძე.
ცნობისთვის, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კესარია აბრამიძე დღეს, 22 სექტემბერს დაკრძალეს.