2017 წლის 28 მარტი ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობას ევროპამ გაუღო კარი და დღეს აღარ გვჭირდება სპეციალური ნებართვა იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ ევროპის ქვეყნებში.
„მეც ორი დღით გახლდით ევროპის კულტურულ და პოლიტიკური ცენტრებში ახალგაზრდებთან ერთად და მხოლოდ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, თუ როგორია მათი თვალით დანახული ეს პერსპექტივა და უნდა ვთქვა, რომ ეს პერსპექტივა არის ნამდვილად ძალიან საინტერესო, სულ სხვანაირი, გაცილებით უფრო მდიდარი, ვიდრე ჩვენ ვუყურებთ. ჩვენც არ ვართ ახლა მაინცდამაინც ხანდაზმულები, მაგრამ მათი თვალით დანახული ეს შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს 28 მარტს გაეხსნა, არის ძალიან საინტერესო. მე მართლაც ძალიან მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდობა გვყავს – ჩვენთან ერთად იყვნენ სტუდენტები, დამწყები მეწარმეები, „სტარტაპერები“, რომლებსაც აქვთ ძალიან საინტერესო იდეები საქართველოს განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და ეს შესაძლებლობა მათთვის არის განუყოფელი ნაწილი იმ პერსპექტივების განხორციელების, რომლებზეც ისინი ფიქრობენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან დიდი შედეგის მიღწევაში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.