კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „TV პირველის“ დაჯარიმების მიზეზები კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარემ განმარტა. კახა ბექაურის განცხადებით არგუმენტი, რომლის გამოც ზემოხსენებულმა სატელევიზიო არხებმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სარეკლამო რგოლის ეთერში გაშვებაზე უარი განაცხადეს სასამართლომ არ გაითვალისწინა, ვინაიდან ევროპული პრაქტიკისა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით აღნიშნული ვიდეორგოლი სიძულვილის ენას არ შეიცავს.
„სიძულვილის ენის იდენტიფიცირების თვალსაზრისით გარკვეული სტანდარტით ვხელმძღვანელობთ. ეს სტანდარტი არის ევროპის საუკეთესო პრაქტიკა და განსაკუთრებით სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა. იმ სტანდარტით, ეს არ ითვლება სიძულვილის ენად და ამ სტანდარტში არ ჯდება. წინა არჩევნების დროს პირიქით იყო, ანუ ის მედიასაშუალებები, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ ის [ვიდეორგოლები] სიძულვილის ენას შეიცავდა და ამიტომ არ ვათავსებდითო, თვითონ ათავსებდნენ იმ ტიპის რეკლამას, რომელიც აშკარად, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტით, სიძულვილის ენად ფასდებოდა, მათ შორის ჩვენ მიერ. უშვებდნენ ისეთ კლიპებს, რომლებიც არა თუ ამაზე მეტ სიძულვილის ენას შეიცავდა, არამედ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის ზღვარზე იყო“, – აცხადებს ბექაური.
„ქართული ოცნების“ რეკლამის განუთავსებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარ არხს“, „ფორმულას“ და „TV პირველს“ კომუნიკაციების კომისიის მიერ მეორედ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ჯარიმის სახით 5-5 ათასი ლარის გადახდა უკვე მეორედ დააკისრა.