კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განმარტებით, სამინისტროსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნონ ყველა ის ძეგლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
“შარშან “თბილისის განვითარების ფონდის” მიერ დაკვეთილი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების ინვენტარიზაციაზე შეფასება ჩატარდა. ეს მასალები გადმოეცა კულტურული მემკვიდრეობსი დაცვის სააგენტოს შემდგომი რეაგირებისთვის. ინვენტარიზაციის შესწავლის შედეგად ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული პოზიცია გამოიკვეთა 4 მისამართზე, სადაც ფიზიკურად აღარ არსებობს შენობა-ნაგებობა, რომელზეც თავის დროზე კულტურული მემკვიდრეობსი ძეგლი იყო მინიჭებული.
ეს გახლავთ შავთელის ქუჩა, თაბუკაშვილი, ჩახრუხაძე. ორ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა შენობა დგას. ორი აბსოლუტური ჰაერია. არც ნანგრევი არ არის. ამიტომ გაფართოებულმა საბმჭომ მიიღო გადაწყვეტილება 4 მისამართთან დაკავშირებით, რომ მოხსნილიყო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი.
გარდა ამისა, ინვენტარიზაციაში არსებობს ორი ათეული მისამართი, რომელთა მიმართებითაც კითხვის ნიშნებია დასმული. ფიზიკურად არსებობს შენობა-ნაგებობა, ან ნაშთი. მსჯელობა მიმდინარეობს სპეციალისტებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ურბანისტებს შორის.
ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მიდგომაა, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის მემკვიდრეობა, რაც გვაქვს. იმ ინიციატივითაც კი გამოვდივართ, რომ თუ რაიმე ოდნავი ნაშთი მაინც არსებობს შენობით და გამაგრებითი შანსი თუ არის, ის უნდა აღდგეს”,- აღნიშნა გიორგაძემ.