100 წლის ქალბატონი ბრიუსელის მუნიციპალურ არჩევნებში ყველაზე ხანდაზმული კანდიდატია. სიმონა მაჯოტი ვოლუვე-სენ პიერის კომუნაში, Citoyens-PS-Vooruit-ის (ბელგიის ნიდერლანდურენოვანი სოციალ-დემოკრატიული პარტია – რედ.) სიით იყრის კენჭს. სიაში ის 35-ე ადგილზეა. მისი მიზანი არჩევნებში გამარჯვება ან დიდი რაოდენობის ხმების მოპოვება კი არა, არამედ ხანდაზმული ადამიანების ინტერესების დაცვაა.
1924 წლის 27 ივლისს დაბადებული სიმონა მაჯოტი მუნიციპალურ არჩევნებში მესამედ მონაწილეობს (წინა ორ შემთხვევაში – წარუმატებლად). ის კვალიფიციური სოციალური მუშაკია, რომელიც მოგვიანებით პროტესტანტული რელიგიის მასწავლებელი გახდა. როგორც ბელგიის ფრანგულენოვანი რადიომაუწყებლის რეპორტაჟში ითქვა, სიმონა სოციალისტური ორგანიზაცია „შორსმჭვრეტელი ქალების“ („des Femmes prévoyantes“) აქტიური მონაწილეა და ქალებისა და მოხუცების უფლებების დაცვაზე ზრუნავს.
„სიაში სიმონა მაჯოტის ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია. ის 100 წლის ასაკშიც აგრძელებს ბრძოლას ქალებისა და მოხუცების ინტერესებისთვის, მათი თანასწორობისა და სამართლიანობისთვის. ამასთან, ჩვენთვის ეს ასევე არის საშუალება, რომ ხაზი გავუსვათ საზოგადოების ასაკოვანი წევრების მიმართ ნდობას. მისი პატივსაცემი ასაკის გათვალისწინებით, არ ვცდილობთ, რომ ის ჩვენი ორგანიზაციის ფორმალურ წევრად ვაქციოთ. სიაში სიმონას შეყვანის იდეა იმითაც არის მნიშვნელოვანი, ასეთი ნაბიჯით ყურადღებას ხანდაზმულთა დაფასებასა და მათი აზრის გათვალისწინებაზე ვამახვილებთ“, – აცხადებს Citoyens-PS-Vooruit-ის სიის პირველი ნომერი, სესილ ვინსელი.