სლოვაკეთის უზენაესი სასამართლო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე მიმდინარე წლის მაისში განხორციელებულ თავდასხმასა და მკვლელობის მცდელობაში, ტერორიზმის ნიშნებს ვერ ხედავს. პორტალ Aktuality.sk-ის ცნობით, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია ამ დასკვნამდე გასულ თვეში მივიდა. უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, ბრალდებული ნამდვილად იმსახურებს პატიმრობას, მაგრამ არ ეთანხმება სამართლებრივ კვალიფიკაციას, რომლის მიხედვითაც, დამნაშავემ ტერორიზმის მუხლით უნდა აგოს პასუხი.
როგორც Aktuality.sk. წერს, სლოვაკეთის უზენაესი სასამართლო დარწმუნებულია, რომ ტერორიზმზე საუბარი შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებებით დადასტურდებოდა, რომ „კრიმინალმა თავისი ქმედება იმ განზრახვით განახორციელა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რაღაცის გაკეთება/არგაკეთება, ჩადენა ან მოთმენა ეიძულებინა“. სასამართლოს აზრით, ვერც გამომძიებლებმა და ვერც პროკურატურამ ვერ იპოვეს საკმარისი დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისთვის, რომ მიმდინარე წლის მაისში რობერტ ფიცოზე თავდასხმას ეჭვშეუვალი ტერორიზმის კვალიფიკაცია მისცემოდა.
რობერტ ფიცოზე თავდასხმის საქმეს პოლიცია, თავდაპირველად, მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ, ის ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რის საფუძველზე განხორციელდა ეს ცვლილება. როგორც სასამართლო კოლეგიის დადგენილებაზე დაყრდნობით, პორტალი იუწყება, მოვლენების ასეთი სამართლებრივი შეფასების „საფუძველი“ პროკურორის ინტერპრეტირება გახდა.
მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს, ამ უკანასკნელმა არგუმენატად ბრალდებულის მიერ მეუღლესთვის გაგზავნული წერილი მოიყვანა, რომელშიც თავდამსხმელი, პროკურორის განმარტებით, წერს, რომ პრემიერ-მინისტრს მისი მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის მიუღებლობის გამო დაესხა თავს და თავისი აგრესიული ქმედებით, მთავრობის მუშაობის შეჩერება და მისი ქმედუუნაროდ გადაქცევა სურდა.
პროკურორის პარიფრაზი
თუმცა, ეს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის წერილიდან მოყვანილი პირდაპირი ციტატა კი არა, არამედ მისი პერიფრაზი – წერილის შინაარსის პროკურორის სიტყვებით გადმოცემაა. Aktuality.sk. აცხადებს, რომ საქმის მასალების შეწავლის შემდეგ, უზენაესი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ „პროკურორის ბრალდებები სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს“.
სხვა საკითხებთან ერთად, მოსამართლეებმა მოიყვანეს ნაწყვეტი თავდამსხმელის წერილიდან: „ევროპის ყველაზე საშინელი იუდა, როგორც ჩანს, კარგად მუშაობს. ახლა მთავრობა ოქროს სასახლეებში იმალება. ეს ყველაზე ცუდი სცენარია. ფიკოს ვაპატიე და ის, უბრალოდ, ინვალიდის ეტლში უნდა იჯდეს“. სხვა წერილში ის წერს: „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამპარტავანი რევანშისტი უნდა შეჩერებულიყო“. ამ წერილებიდან სასამართლომ განსხვავებული დასკვნა გამოიტანა, ვიდრე პროკურორმა. უზენაესი სასამართლოს კოლეგიის თქმით, ფიცოზე თავდასხმა მის მიმართ პირადი სიძულვილის საფუძველზე მოხდა.
პორტალი აღნიშნავს, რომ ტერორიზმის სამართლებრივი კვალიფიკაციის ცვლილებამ გავლენა მასთან დაკავშირებულ სხვა საქმეებზეც მოახდინა. მაგალითად, ამ თვის დასაწყისში პოლიციამ ერთ-ერთ პირს ბრალი ტერორიზმის მხარდაჭერის მუხლით წაუყენა. ონლაინ გადაცემაში მოხუცმა მამაკაცმა ფიცოს სიკვდილით დასჯის მცდელობას მოწონებით შეხვდა და ამ საკითხზე ვულგარულად ისაუბრა. აქამდე პოლიცია მსგავს ინციდენტებს დანაშაულის მხარდაჭერად მიიჩნევდა, რაც გაცილებით ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს.
თუმცა, სლოვაკეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ პოლიცია და პროკურატურა ვეღარ გააგრძელებენ მტკიცებულებების ძიებას, რომლითაც დადასტურდება, რომ რობერტ ფიცოს მიმართ ტერორისტული აქტი განხორციელდა. თავდამსხმელის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება ასევე არ ნიშნავს იმას, რომ პროკურორმა და გამომძიებელმა ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა შეცვალონ. როგორც Aktuality.sk. წერს, სასამართლოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეჭვმიტანილი სწორედ ლევიცელი პენსიონერი იყო და ამდენად, მისი სამართლებრივი დევნის საფუძველი ნამდვილად არსებობდა.