ჰიმნის დროს ქართველი გულშემატკივრების ტაში ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო და მადლობას ვუხდი მათ. მიმაჩნია, რომ დღევანდელი შედეგის მიუხედავად, შანსები ბოლო ტურამდე ყველა ნაკრებს ექნება, – განაცხადა საქართველოსთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ. მან მატჩის მსვლელობაზეც ისაუბრა.
„რის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას? ადრე ვთქვი, რომ ჩვენ დაბალანსებულ ჯგუფში ვართ, სადაც ყველას შეუძლია მოგება. საქართველოს ნაკრები აქამდე ხუთმცველიანი ტაქტიკით თამაშობდა, დღეს კი სქემა შეცვალეს. მაგრამ მიმაჩნია, რომ შეხვედრის ბედი არა ტაქტიკის შეცვლამ, არამედ მომენტის გამოყენებამ გადაწყვიტა. შანსები საქართველოსაც ჰქონდა. მთლიანობაში, ჩვენი თამაშით და დღევანდელი გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. იმედია, შემდეგშიც ასე გავაგრძელებთ“, – აღნიშნა სილვინიომ.
UEFA-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს შეხვდა და 0:1 დამარცხდა. ბოლო 2 ტურამდე „ჯვაროსნები“ 6 ქულით მეორე ადგილზე არიან და ლიდერ ჩეხეთს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან.