აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობას გამოეხმაურა.
„ეს კარგი დღეა ისრაელისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
ბაიდენის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, გაანადგუროს „ჰამასის“ ლიდერები.
„7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მე დაუყოვნებლივ მივეცი მითითება ჩვენი დაზვერვის წევრებს, ეთანამშრომლათ ისრაელელ კოლეგებთან სინვარისა და „ჰამასის“ სხვა ლიდერების მოძებნასა და თვალთვალში, რომლებიც ღაზაში იმალებოდნენ. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიოში არცერთ ტერორისტს არ შეუძლია, თავი დააღწიოს სამართალს, იმის მიუხედავად, თუ რამდენი დრო დასჭირდება ამას. ჩემი ისრაელელი მეგობრებისთვის ეს უდავოდ შვების მომგვრელი და მოსაგონარი დღეა, იმ დღის მსგავსი, როდესაც 2011 წელს პრეზიდენტმა ობამამ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მალე გამართავს სატელეფონო საუბარს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მძევლების დაბრუნების გზების განსახილველად.
„ახლა ღაზაში „შემდგომი დღის“ შესაძლებლობა არსებობს „ჰამასის“ ხელისუფლების გარეშე და ასევე პოლიტიკური მოგვარებისთვის, რომელიც უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს როგორც ისრაელელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის. იაჰია სინვარი იყო გადაულახავი დაბრკოლება ყველა ამ მიზნის მისაღწევად. ეს დაბრკოლება აღარ არსებობს. თუმცა ჩვენს წინაშე ბევრი სამუშაო რჩება“, – აცხადებს ბაიდენი.