რუსეთის რეგულარული არმია უკრაინის ხარკოვის ოლქზე შეტევას რამდენიმე კვირის განმავლობაში გააგრძელებს. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.
დაზვერვის მასალების თანახმად, რუსეთი შეტევას ააქტიურებს ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკთან. რუსულ ჯარს ქალაქამდე 20 კილომეტრი აშორებს. ახლა რუსული არმია მდინარე ოსკოლთან, რომელზეც კუპიანსკია განლაგებული, რამდენიმე კილომეტრში არის დაბანაკებული.
რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევა უკრაინელებს მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ სანაპიროზე პრობლემებს უქმნის. ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ ამ მიდამოებში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.
ბრიტანული დაზვერვა აგრეთვე აღნიშნავს, რომ კუპიანსკი არის სარკინიგზო კვანძი, რაც უკრაინულ ჯარს ამ რაიონში სამხედრო ოპერაციების წარმოებაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს რუსებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს კუპიანსკი, თუმცა 2022 წლის სექტემბერში კონტრშეტევის შედეგად უკრაინელებმა ქალაქზე კონტროლი აღადგინეს. ამის შემდეგ რუსეთს ქალაქზე კონტროლის დაბრუნების არაერთი მცდელობა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ.