აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრეს, „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა „მაკდონალდსში“ იმუშავა.
CNN-ის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი პენსილვანიის შტატში მდებარე ერთ-ერთ რესტორანს ეწვია, სადაც ჯერ კარტოფილი ფრის შეწვაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი „დრაივზე“ გადაინაცვლა, სადაც მხარდამჭერებს საჭმელს ურიგებდა და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი თავად მოამზადა.
ამგვარად ტრამპმა თავის კონკურენტ კამალა ჰარისზე მიიტანა იერიში, რომელიც ამბობს, რომ სტუდენტობისას სწორედ „მაკდონალდსში“ მუშაობდა, თუმცა ტრამპი აცხადებს, რომ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს ამის მტკიცებულებების წარდგენა არ შეუძლია.
„სამსახურს ვეძებ და ყოველთვის მინდოდა „მაკდონალდსში“ მუშაობა, თუმცა არასოდეს მიმუშავია. რბოლაში ვარ ჩართული ადამიანთან, რომელიც ამბობს, რომ აქ მუშაობდა, თუმცა ეს ამბავი ტყუილი აღმოჩნდა“, – უთხრა ტრამპმა რესტორნის ხელმძღვანელს.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 5 ნოემბერს გაიმართება.