აშშ-ის პრეზიდენტი ღრმადაა შეშფოთებული ისრაელის მხრიდან ირანზე საპასუხო დარტყმისთვის მზადების შესახებ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ეს არ უნდა მომხდარიყო და მიუღებელია, როდესაც მსგავსი რამ ხდება. თქვენ შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ პრეზიდენტი აქტიურად დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობას, რათა გაირკვეს, თუ როგორ მოხდა ეს“, – თქვა კირბიმ.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, მათ არ იციან, თუ როგორ მოხდა საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა.
„ამ ეტაპზე არანაირი მინიშნება არ გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის დამატებითი დოკუმენტები კვლავ გავრცელდება საზოგადოებაში“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს ტელეგრამარხზე გავრცელდა საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც 15-16 ოქტომბრით თარიღდებოდა. დოკუმენტს „მკაცრად გასაიდუმლოებულის“ გრიფი ედო და მითითებული იყო, რომ მისი გაცნობა მხოლოდ აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებს შეეძლოთ. სავარაუდოდ „მკაცრად გასაიდუმლოებულ“ დოკუმენტში ისრაელის მიერ ირანზე საპასუხო თავდასხმის გეგმებზე იყო საუბარი.