მოქმედი პროკურორი ლევან ადეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გიორგი გახარიას ტყუილში ამხელს. ადეიშვილი აცხადებს, რომ ტყუილია თითქოს ნათია მეზვრიშვილი იყო პირველი პროკურორი ვინც ყოფილი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები გაასამართლა. ლევან ადეიშვილის თქმით, მეზვრიშვილამდე იყო არა ერთი გახმაურებული მოგებული საქმე და გასამართლებული თანამდებობის პირები.
„თავმდაბლობა არავის აწყენდა! ამ დღეებში ერთი ყოფილი პროკურორისგან და ახლა პოლიტიკოსიდან რამდენიმეჯერ მოვისმინე განცხადება – ციტატა – „მეტსაც გეტყვით, იმდენად უსუსური იყო ოცნება ნაცების გასამართლების პროცესში, ყველა საქმეს აგებდნენ, სანამ ნათია მეზვრიშვილი არ ჩაერთო მერაბიშვილის პროცესში. ეს იყო პირველი საქმე, რომელიც „ოცნებამ“ მოიგო“.
პირველ რიგში, ალბათ ოცნება იმ შუაშია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდგომ შესაძლებელი გახდა ყველა დამნაშავის გასამართლება და ყველა პროკურორს მადლობა ვინც ღირსეულად წარმოადგენდნენ სახელმწიფო ბრალდებას. მეორე: რა მნიშვნელობა აქვს რომელი იყო პირველი თუ მეორე გახმაურებული საქმე. უნდა აღინიშნოს თავმდაბლობა არ აწყენდა არავის! ვინაიდან აღნიშნულ საქმეში ქალბატონ ნათიასთან ერთად ორი შესანიშნავი პროკურორი მონაწილეობდა და ეს საქმე არათუ პირველი გახმაურებული საქმე არ იყო 2012 წლის შემდგომ, არამედ თავად მერაბიშვილის მიმართაც კი მეორე გამამტყუნებელი განაჩენი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 17 თებერვალს, ასევე შესანიშნავი პროკურორების მონაწილეობით ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე ივანე მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე მისჯილი ჰქონდა.
p.s. ინფორმაციისათვის პირველი გამამტყუნებელი განაჩენი გახმაურებულ საქმეებზე გახლდათ ბაჩანა ახალაიას, მეგის ქარდავას, დავით ჭაკუას და რევაზ ჭარბაძის მიმართ ციხის ბუნტის საქმეზე, რომელზეც შესანიშნავი გამომძიებლების თუ ზედამხედველი და სასამართლოში გამომსვლელი ხაზს ვუსვამ – პ რ ო კ უ რ ო რ ე ბ ი ს მონაწილეობით, (მათ შორის ჩემი მონაწილეობითაც), 2013 წლის 28 ოქტომბერს გამამტყუნებელი განაჩენი დადგა“, – წერს ადეიშვილი.