რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „ბრიქსთან“ კონტაქტების გაძლიერების სურვილი ამა თუ იმ ფორმით 30-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა.
ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ქალაქ ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, სამიტზე „ბრიქსის“ გაფართოების საკითხის განხილვა იგეგმება.
„არასწორი იქნებოდა „ბრიქსთან“ კონტაქტების გაძლიერებისადმი გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების უპრეცედენტო ინტერესის უგულებელყოფა. ამა თუ იმ ფორმით ასეთი სწრაფვა უკვე 30-ზე მეტმა ქვეყანამ გამოხატა. ამავე დროს საჭიროა ბალანსის შენარჩუნება და „ბრიქსის“ ეფექტიანობის შემცირების არდაშვება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამჟამად „ბრიქსის“ წევრები არიან რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.