ისრაელმა ლიბანის ქალაქ ტვიროსის დაბომბვა დაიწყო. ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის არმიის პრესსპიკერმა, ავიხაი ადრაიმ ქალაქის მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას” საქმიანობა აიძულებს ისრაელის არმიას, იმოქმედოს.
ლიბანური მედიის ინფორმაციით, ტვიროსის ცენტრალურ რაიონში ისრაელის ოთხი ავიაიერიში განხორციელდა.
ადგილობრივი წყაროები იუწყებიან, რომ დაბომბვის შედეგად რამდენიმე შენობა ერთად განადგურდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთელი ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდასხმის სამიზნე ტვიროსის ცენტრალური რაიონი გახდა.
კონფლიქტის გამწვავებამდე ტვიროსში 200 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. რეგიონის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი, ოთხი ათასი წლის ისტორიის მქონე ქალაქი ასევე არის იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.