როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ღირსეული ადამიანები ვართ და არ შეიძლება ჩვენ თითის ქნევით ვინმემ მოგვმართოს, არ შეიძლება, რომ მიგვითითოს, რომ ქართველმა ხალხმა არ იცის თუ რა არჩევანი უნდა გააკეთოს და ვინმე ბიუროკრატმა უკეთესად იცის რა არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მთავარი. როდესაც ჩვენ ამას ვსაუბრობთ, ამას ვსაუბრობთ, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის, ასევე, ნებისმიერი იმ პარტნიორისთვის, რომელსაც აინტერესებს ჩვენი ქვეყანა და პარტნიორული ურთიერთობები, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება არის „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხის არჩევანს უნდა სცეს ყველამ პატივი, მათ შორის უცხოელმა პარტნიორებმაც.
„ყველამ კარგად იცის, რომ დემოკრატიის საფუძველი არის ხალხის გადაწყვეტილება. ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების წყარო და ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულად მიღებულ გადაწყვეტილებას, არჩეულ ხელისუფლებას და ასეთი მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, რომ ამ ქვეყანაში ღირსების დაცვით მშვიდობა უზრუნველყოს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.