საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პუბლიკაციების – „ბიბლია პოლიგლოტა“ და „დიდნი კურთხევანი სქოლიოებით“ – წარდგენას დაესწრო, რომლებიც თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მომზადდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პუბლიკაციების გამოცემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული ეკლესიის, მეცნიერებისა და საზოგადოებისთვის, არამედ ზოგადად ქრისტიანული სამყაროსთვის.
“დღევანდელი ღონისძიება ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე და დაბადებიდან 92-ე წლისთავს ეძღვნება. მისი უწმინდესობის მოღვაწეობაში, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ სასულიერო განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვას. სწორედ უწმინდესის სახელთან, მის უდიდეს პირად ძალისხმევასთან არის დაკავშირებული ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სემინარიებისა და აკადემიების დაარსება, სასულიერო სწავლების, მწიგნობრობისა და მეცნიერების უპრეცედენტო აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში. პუბლიკაციები, რომლებიც დღეიდან უმნიშვნელოვანეს შენაძენად იქცევა ჩვენი საზოგადოებისთვის, ამ დიდი ძალისხმევის კიდევ ერთი თვალსაჩინო შედეგია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მამა გიორგი ზვიადაძეს, ედიშერ ჭელიძეს და ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა პუბლიკაციების მომზადებასა და გამოცემაში.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრი პუბლიკაციების „ბიბლია პოლიგლოტა“ და „დიდნი კურთხევანი სქოლიოებით“ წარდგენას დაესწრო (ფოტოები)
2024/10/24 20:56:14
კომენტარები
ნანახია: 26 ჯერ