ანტონიო გუტერეშმა რუსეთში ვიზიტის გამო საბოლოოდ შელახა გაეროს რეპუტაცია, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, გუტერეშმა ზაფხულში შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა, ხოლო რუსეთში ჩასვლას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ლიდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის ძებნილი.
„ახლა გაერო შეეცდება რამენაირად გამოვიდეს ამ ნეგატიური სიტუაციიდან, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს გამოიყურება როგორც ორგანიზაციის საბოლოო დესტრუქცია. უფრო მეტიც, ახლა გაერო საერთოდ ვერ ახდენს გავლენას კრიზისულ სიტუაციებზე“, – თქვა პოდოლიაკმა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისი მრჩეველმა აღნიშნა, გაეროს არათუ ომის შეჩერება, არამედ ლოკალური მასშტაბის პატარა კონფლიქტის გადაჭრაც კი არ შეუძლია.
გუტერეში BRICS-ის სამიტზე 23 ოქტომბერს ჩავიდა. ყაზანში მან ორმხრივი შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან და რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან გამართა. ამის გამო გუტერეში უკრაინის ხელისუფლებამ და ევროპული ქვეყნების რამდენიმე წარმომადგენელმა გააკრიტიკა.