ვაპროტესტებ ტრიუკს, ჩვენ უნდა ვიომოთ, – განუცხადა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს, რომელიც პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქციაზე იმყოფება.
„ გზავნილი არის ის რომ, მოვისმინოთ, რას გვეუბნებიან პოლიტიკოსები, რას გვეტყვის პრეზიდენტი და ჩვენ უნდა ვიომოთ. ერთი რამ გავაკეთეთ ძალიან მყარად, ოპოზიციამ გავიმარჯვეთ, უფრო სწორად, ხალხმა გაიმარჯვა ამ არჩევნებში. ახლა ეს მიტაცებული და გაქურდული არჩევნები უკან უნდა დავიბრუნოთ. პრინციპში, არავინ ელოდა, რომ ივანიშვილი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ჩვენ არჩევნები წავაგეთო, რაც, მაგალითად, მიშამ 2012 წელს გააკეთა, ჩვენ ამას არ ველოდით. ახლა ეს მოგება უნდა დავიბრუნოთ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
თუმცა, შეგახსენებთ, ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩატარებული არჩევნები აღიარა. ამ თემაზე კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა ისაუბრა. „მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა მან.