ტელეარხი „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ არხის დამფუძნებლებმა ბოლო ეთერიდან განაცხადეს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაიდო ის შედეგი, რაც ველოდით, აქედან გამომდინარე შეიქმნა ვითარება, რომ ვეღარ გავაგრძელებთ“, – თქვა შოთა მარტინენკომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს.
მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ქარდავამ ბოლო გადაცემაში თქვა, რომ ჯერ არ იციან, როგორ გააგრძელებენ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას.
„თავიდან ბოლომდე ჩვენი ტელევიზია იყო თქვენი დახმარებით, თქვენი ფინანსების დახმარებით – პირველი თეთრიდან ბოლო თეთრამდე. ზოგადად, ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა არსებობს და არსებობდა ჩვეულებრივი ხალხის, ჩვენი მაყურებლის, თანამებრძოლების სახსრებით. ცხადია, ჩვენ ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მაყურებელს და თანამებრძოლებს მუდმივ რეჟიმში შეინახონ ამხელა ტელევიზია, ეს ძალიან რთულია. ამიტომ, ჩვენ მოგვიწევს რეორგანიზაცია და მაუწყებლობის შეცვლა.
მომავალში რა ფორმით დავბრუნდებით და როგორ გავაგრძელებთ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას, მზა პასუხი ჯერ არ გვაქვს“, – თქვა მან.