უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად რუსეთმა გაიმარჯვა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა. ჯერ მათ საქართველოს ნაწილი მიითვისეს, შემდეგ პოლიტიკა შეცვალეს, მთავრობა ჩაანაცვლეს და ახლა იქ პრორუსული მთავრობაა, პრორუსული პოზიციებით. არავითარი სანქციები პუტინის წინააღმდეგ, საქართველოში ბევრი რუსია. მათი არჩევანია – მეგობრობა რუსეთთან. ისინი ევროკავშირში სვლას არ ირჩევენ. მათ პოზიცია შეცვალეს. რუსეთმა დღეს გაიმარჯვა. მათ საქართველოს თავისუფლება წაართვეს“, – თქვა ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოლდოვაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ რუსეთი იქაც იგივე მიმართულებით მიდის.
„ხედავთ, იქაც [მოლდოვაში] რუსეთი იგივე მიმართულებით მიდის. მათ სურთ გააკეთონ და გააკეთებენ იმავეს, თუ დასავლეთი „წითელ ხაზებზე“ საუბარს არ შეეშვება. თუ ისინი ამას არ შეწყვეტენ და იგივე რიტორიკას გააგრძელებენ, ერთ-ორ წელიწადში მოლდოვასაც დაკარგავენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ უკრაინა და საქართველოც შეადარა ერთმანეთს. „ჩვენ მეტნი ვართ. ამით განვსხვავდებით ჩვენ საქართველოსგან – ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. ჩვენ უფრო დიდი მოსახლეობა გვყავს, უფრო მეტი მამაკაცი, რომლებსაც არ სურთ იყვნენ რუსები“, – დასძინა ზელენსკიმ.