სამწუხაროდ, დღევანდელ ოპოზიციას, მთლიანობაში, მორალურ-ზნეობრივი და ინტელექტუალური უპირატესობა, „ქართულ ოცნებასთან “ შედარებით, არ გააჩნია. ეს უნდა გაითავისოს ოპოზიციამ. ამიტომაც დადგა ის შედგი, რომელიც დადგა და მე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ეს შედეგი მიიღოს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გლობალური საკონსულტაციო ფირმის, „მაკინზი და კომპანიის“ წარმომადგენელმა გიორგი ქობულიამ „დღის ქრონიკასთან“.
„არსებულ ხელისუფლებას, რომელსაც რა თქმა უნდა გააჩნია მეტი ადმინისტრაციული რესურსი, (ეს ყველგან ასე არის), რომელსაც აგრეთვე გააჩნია დიდი ფულადი რესურსიც, რაც არ არის გასაკვირი, ასეთ სიტუაციაში რომ მოუგოს არჩევნები, ოპოზიციას უნდა გააჩნდეს ძალიან ძლიერი მორალური, ზნეობრივი და ინტელექტუალური უპირატესობა არსებულ მმართველ ძალასთან შედარებით“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
გიორგი ქობულია ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ცნობილ გლობალურ საკონსულტაციო ფირმაში „მაკინზი და კომპანია“. ბოლო 10 წელი ის იყო მაკინზის უფროსი პარტნიორი – გლობალური ტოპ მენეჯერი. იგი ასევე არის საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11 პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.