გამოკითხული გერმანელების უმრავლესობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას უჭერს მხარს.
Infratest-Dimap-ის მიერ ARD Deutschlandtrend-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 65% ბუნდესტაგის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს.
გერმანელების 33% თვლის, რომ არჩევნების ჩატარების უკეთესი ვადაა მარტი, როგორც ამას კანცლერი ოლაფ შოლცი გეგმავს.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, არჩევნები თუ დაუყოვნებლივ ჩატარდება, უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას, „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ შეუძლია ხმების 34% მიიღოს; „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 18%; შოლცის სოციალ-დემოკრატებს კი -16%; „მწვანეებს“ – 12%; სარა ვაგენკნეხტის ალიანსს – 6%.
მედია წერს, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში „თავისუფალი დემოკრატები“ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავდნენ.
კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების 30% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების მარტში ჩატარებას, მაგრამ 54% მომხრეა, რომ ეს უფრო სწრაფად მოხდეს.
შეგახსენებთ, გერმანიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.