უკრაინის ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან გაუარესდა მას შემდეგ, რაც „ლეიბორისტული“ მთავრობა ხელისუფლებაში ივლისში მოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა იმედგაცრუება გამოთქვეს იმის გამო, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი დამატებითი რაკეტები არ მიაწოდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ჯერ კიდევ არ ჩასულა უკრაინაში, თუმცა კიევში ასეთი ვიზიტის აზრს ვერ ხედავენ, თუ ლონდონი რაკეტების ახალი პარტიის მიწოდებას არ გადაწყვეტს.
„აზრი არ აქვს მის [ბრიტანეთის პრემიერის] ტურისტად ჩამოსვლას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კიევში მიაჩნიათ, რომ სტარმერს არ სურს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება ვაშინგტონის თანხმობის გარეშე, თუმცა ბრიტანეთს აქვს დამოუკიდებლად მოქმედების თავისუფლება.