აშშ-ის ხელისუფლებამ დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 51 წლის აგენტს ფარჰად შაქერის, რომელიც, გამოძიების თანახმად, ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა, ნათქვამია გენერალური პროკურორის მერიკ გარლანდის განცხადებაში.
მკვლელობის მომზადების დეტალები უცნობია, თუმცა, როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, 7 ოქტომბერს შაქერიმ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კურატორისგან დავალება მიიღო, რომლის თანახმადაც მას ტრამპი ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოეკლა.
თუ ეს გეგმა ჩავარდებოდა, ტრამპის მკვლელობის საკითხი გადავადდებოდა. ირანის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებდა და მისი ლიკვიდაცია უფრო მარტივი იქნებოდა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, შაქერი ირანში დაბადებული მამაკაცია, რომელიც ბავშვობიდან ამერიკაში ცხოვრობდა. 2008 წელს ის ქვეყნიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც მან ჩადენილი ყაჩაღობის გამო 14-წლიანი სასჯელი მოიხადა. ახლა ბრალდებული, სავარაუდოდ, ირანში იმყოფება.