აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თავისი კანდიდატურა არჩევნებზე უფრო ადრე რომ მოეხსნა, დემოკრატებს, შესაძლოა, უკეთესი შედეგები ჰქონოდათ. ამის შესახებ პელოსიმ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ისაუბრა.
როგორც პელოსიმ აღნიშნა, „პრეზიდენტი უფრო მალე რომ გასულიყო, საარჩევნო რბოლაში, შესაძლოა, სხვა კანდიდატებიც ყოფილიყვნენ“.
„მოლოდინი იყო, რომ თუ პრეზიდენტი გვერდით გადგებოდა, იქნებოდა ღია პრაიმერიზი. ვფიქრობ, კამალას შეეძლო ამაში წარმატება და მომავალში იქნებოდა უფრო ძლიერი. თუმცა, ჩვენ ეს არ ვიცით. ეს არ მომხდარა. ჩვენ ვცხოვრობთ იმით, რაც მოხდა და იმის გამო, რომ პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი კამალა ჰარისს, ამან თითქმის შეუძლებელი გახადა პრაიმერიზის ჩატარება. ეს რომ ბევრად ადრე მომხდარიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.