ჩეხეთის პრეზიდენტის პეტერ პაველის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომს უკრაინაში 24 საათში დაასრულებს, თუმცა ამავდროულად ის დარწმუნებულია, რომ ტრამპი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა კონფლიქტს წერტილი დაუსვას.
„ახლა ბევრი ქვეყანა ელოდება ახალ ადმინისტრაციას და იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი მოიტანს ცვლილებებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ომს 24 საათში დაასრულებს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ამავდროულად მჯერა, რომ ის არ დაიშურებს ძალისხმევას დაასრულოს ეს ომი და პრეზიდენტ პუტინთან შეთანხმებას მიაღწიოს“, – განაცხადა პაველმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ასეთი სცენარი, შესაძლოა, ევროკავშირისა და უკრაინის ინტერესებში არ შედიოდეს. ვინაიდან, მისი მტკიცებით, როგორც ტრამპის მრჩევლებს არაერთხელ განუცხადებიათ, ომის დასრულების გეგმა რუსეთისთვის ოკუპირებული უკრაინული მიწების დათმობას და უკრაინის მინიმუმ 20 წლით ნატოში შესვლაზე უარის თქმას გულისხმობს.