რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასირებული თავდასხმის მოგერიება შეძლეს. როგორც რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, განადგურდა 96 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათი უმეტესობა – მოსკოვის რეგიონში.
კერძოდ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ მოსკოვის დროით 07:00 საათიდან 10:00 საათამდე რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 70 უპილოტო საფრენი აპარატი: 34 – მოსკოვის რეგიონის, 14 – ბრიანსკის, 7-7 – ორიოლისა და კალუგის, ექვსი – კურსკის და ორი ტულის თავზე. ამასთან, 17 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი იქნა განადგურებული ბრიანსკის ოლქის, სამი – როსტოვის ოლქის, ორი – ბელგოროდის და ერთი – კურსკის ოლქის თავზე. გარდა ამისა, დაახლოებით 21:25-დან 23:00 საათამდე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბელგოროდში, ერთი კი – კურსკის ოლქში.
„ღამისა და დილის საათებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მასირებული შეტევა განახორციელეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.