ისრაელის თავდაცვის ახალი მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, დაჯგუფება „ჰეზბოლა“ უკვე დამარცხებულია.
ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ლიბანური შიიტური რადიკალური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია გახდა ისრაელის „მიზნების მიღწევის დაგვირგვინება“ და „ჰეზბოლა“ შეიძლება, დამარცხებულად ჩაითვალოს.
„ახლა ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ ზეწოლა ამ გამარჯვების ნაყოფის მოსაკრეფად“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვნელმა. მისივე თქმით, ისრაელი არ არის დაინტერესებული ლიბანის შიდა პოლიტიკაში ჩარევით, რადგან ეს „გაკვეთილი უკვე ისწავლა“.
ამასთან, თავის გამოსვლაში ისრაელ კაცმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო კოალიცია პოლიტიკური მიზნებითაც გამოიყენებს ამ მდგომარეობას, როდესაც „ჰეზბოლა“ დასუსტებულია, და ლიბანი შეუერთდება იმ ქვეყნებს, რომლებიც მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციას ცდილობენ.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 10 ნოემბერს ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სულ მცირე, 38 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბეირუთის ჩრდილოეთით მდებარე დასახლება ალმატში საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი არასრულწლოვანი.
სექტემბრის ბოლოდან ისრაელის თავდაცვის ძალები აქტიურად ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. ამას წინ უძღოდა მებრძოლების პეიჯერების მასობრივი აფეთქება სექტემბრის შუა რიცხვებში. მედია ამ ოპერაციის ორგანიზებას ისრაელის სპეცსამსახურებს მიაწერს.
ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ, „ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი გახდა დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაიმ კასემი და ნასრალას ყოფილი მოადგილე. კასემმა სამჯერ მიმართა ხალხს ტელევიზიით და 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის ჩრდილოეთ რაიონების მცხოვრებთა დაბრუნების ერთადერთი გზა „ცეცხლის შეწყვეტაა“.