უკრაინაში არჩევნები 2025 წელს შეიძლება ჩატარდეს, ხოლო ყველაზე ადრეული თარიღი 25 მაისია, – წერს გამოცემა The Economist-ი.
„კიევში პოლიტიკოსები ახლა ორ თარიღზე საუბრობენ: 2025 წლის 20 იანვარი, ტრამპის ინაუგურაციის თარიღი, პირველი მომენტი ცეცხლის შესაძლო შეწყვეტისა და საომარი მდგომარეობის გაუქმებისთვის და 25 მაისი, არჩევნების ყველაზე ადრეული თარიღი, რომელიც განიხილება“, – ნათქვამია სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი არჩევნებისთვის მზადებას უარყოფს.
„საარჩევნო კამპანიაში ახლა მონაწილეობა თვითმკვლელობა იქნება“, – ამბობს დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი.
თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, წერენ სტატიის ავტორები. რეგიონული საარჩევნო შტაბები მობილიზებულია და მიმდინარეობს მუშაობა კანდიდატთა სიებზე.
საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკის „ერთ-ერთი სავარაუდო კონკურენტის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინას სჭირდება არჩევნები, მაგრამ „მათ ეშინიათ ამის შესახებ საჯარო განცხადებების გაკეთების, პრეზიდენტის აპარატის მკაცრი რეაქციის გამო“.
შიდა გამოკითხვები, რომელსაც გამოცემა The Economist-ი გაეცნო, მიუთითებს იმაზე, რომ მოქმედ პრეზიდენტს მეორე ტურში ვალერი ზალუჟნის დამარცხების ცუდი შანსები ექნება.