ასეთი ტიპის ბრალდებები ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ დარწმუნდეს დაინტერესებული პირი, რამდენად სერიოზულ ბრალდებებთან გვაქვს საქმე, – ასე გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ ცესკომ „სმარტმატიკის” ბრენდირებული მარკერები არჩევნების წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით.
მისი თქმით, ეს ტყუილია და სამწუხაროა, რომ ცესკოს მსგავს ბრალდებებზე განმარტებების გაკეთება უწევს.
„არჩევნებზე გამოყენებული მარკერები არის მოწოდებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის „სმარტმატიკის“ მიერ. ამ მარკერების შესყიდვის კონტრაქტი და მიღება-ჩაბარების აქტი დიდი ხანია საჯაროა, დევს შესაბამისი სააგენტოს ვებგვერდზე და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ძალიან მარტივად გადაამოწმონ ყველაფერი. ცხადია, ეს არის უბრალოდ ტყუილი და ვწუხვარ, რომ ასეთი ტიპის განმარტებების გაკეთება გვჭირდება იმ საკითხებზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ასეთი ტიპის ბრალდებები არის დასტური იმისა, რა მოხდა რეალურად და რა – არა“, – განაცხადა შარაბიძემ.