უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ძალიან გამწარებულები არიან, რომ აგენტურა და მოღალატეები ვერ მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, – ამგვარად შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებზე ევროკომისიის წარმომადგენლისა და რიგი ევროპარლამენტარების კრიტიკული განცხადებები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
„თურმე, თავისუფალი არჩევნები არ ჩატარებულა იმიტომ, რომ მათ ვერ გაიმარჯვეს. ზუსტად ეს არის მთავარი საფუძველი იმ განცხადებებისა. რაც შეეხება კანონებს, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვინმე ერთმა, გონიერმა ადამიანმა წარმოადგინოს არგუმენტი, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი ან რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულ მომავალს. იგივე დამოკიდებულება არის ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანების დაყოფა უმცირესობად და უმრავლესობად ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია, ყველას გვიცავს კანონი, მაგრამ ადამიანების ამ ფორმით დაყოფა და ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში და მოზარდებში ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ევროპარლამენტში საქართველოში გამართული არჩევნების თემაზე დებატები გუშინ გაიმართა. დებატები ევროკომიისის წარმომადგენელმა გახსნა. იგი არჩევნების შეფასებისას დაეყრდნო ეუთოს დასკვნებს, საუბრობდა სავარაუდო დარღვევებზე და საქართველოს ხელისუფლებას ევროსტრუქტურების სახელით, კიდევ ერთ მოუწოდა გააუქმოს კანონი გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ.