გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საკუთარ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში“ პოპულარობას კარგავს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, რომელიც Forsa-ს ინსტიტუტის გამოკითხვას ეყრდნობა, შოლცს პოპულარობით გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უსწრებს.
შეკითხვაზე, თუ ვის ისურვებდით „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ კანცლერის თანამდებობაზე, მხოლოდ 13% ასახელებს შოლცს, მაშინ როცა პისტორიუსს გამოკითხულთა 57% უჭერს მხარს.
საკუთრივ პარტიის მომხრეებში ჩატარებულმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ შოლცს 30% უჭერს მხარს, ხოლო პისტორიუსს – 58%.
პისტორიუსი პოპულარობით პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ კანცლერის პოსტზე სავარაუდო კანდიდატს ფრიდრიხ მერცსაც უსწრებს. გამოკითხულთა 39% პისტორიუსს უჭერს მხარს, ხოლო მერცს – 25%.
ცნობისთვის, გერმანიაში 2025 წლის 23 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება. მანამდე, 16 დეკემბერს ბუნდესტაგში მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება.
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.