გულწრფელად რომ ვთქვათ, დღეს არავის სჯერა, რომ უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს, ეს არის რეალობა, – ამის შესახებ ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსე მანუელ ბაროზომ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბაროზომ, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი იყო, გაიხსენა წევრი ქვეყნების დიპლომატიური უთანხმოება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის თაობაზე ევროკავშირის საერთო პასუხთან დაკავშირებით. ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, სამი ვარიანტი იყო: ომის გამოცხადება რუსეთისთვის, სანქციების დაწესება ან დაგმობის განცხადება.
ხოსე მანუელ ბაროზოს თქმით, გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს „ძლიერი მხარდაჭერით“, ბლოკმა აირჩია მეორე ვარიანტი, სანქციები, მაგრამ მას მოწინააღმდეგეები სწრაფად გამოუჩნდა.
„პირველი, ფაქტობრივად, ვიქტორ ორბანი იყო. ორბანმა თქვა: „არ ვეთანხმები სანქციებს, რადგან იქნება კონტრსანქციები, ეს ჩვენთვის უარყოფითი იქნება, მაგრამ კონსენსუსის შემთხვევაში წინააღმდეგი არ ვიქნები“, – განაცხადა ბაროზომ.
ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ნიდერლანდები იყო „საკმაოდ იზოლირებული“ თავის შეხედულებებში, ხოლო მალტა, კვიპროსი, საბერძნეთი და სლოვაკეთი აჩვენებდნენ „გაურკვევლობის“ გარკვეულ დონეს.
10 წლის განმავლობაში ბაროზო ვლადიმერ პუტინს 25-ჯერ შეხვდა. ბაროზოს თქმით, პუტინს „არ სურს უკრაინის არსებობა“.
„პუტინს არ სურს რუს ხალხთან მისვლა და თქმა: „კეთილი, ჩვენ შევიერთეთ კიდევ ამდენი და ამდენი ტერიტორია, ცოტა – დონბასში, ცოტა – ყირიმში“. არა. პუტინის მიზანი იყო, უკრაინა არ ყოფილიყო სახელმწიფო. მე ვიცი, რადგან ვესაუბრე მას ამის შესახებ. მან მითხრა: „რატომ იცავთ უკრაინას? კარგად იცით, რომ უკრაინა არის ხელოვნური ქვეყანა, რომელიც შეიქმნა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და ევროკომისიის მიერ“. მე ვუთხარი მას: „ევროკომისიას რომ შეექმნა უკრაინა, მეც მეცოდინებოდა“. ევროკავშირის გადასაწყვეტია, მიეცეს თუ არა პუტინს უფლება, შეასრულოს თავისი ნეოიმპერიალისტური ხედვა თუ მისი იმპულსები შეკავდეს“, – განაცხადა ხოსე მანუელ ბაროზომ.
ევროკომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბლოკს არასოდეს მიუღია ქვეყანა, რომელიც ომს აწარმოებდა, რაც შეუძლებელს ხდის ბრიუსელისთვის, დაასახელოს თარიღი, როდისთვის იქნება კიევი მზად გაწევრიანებისთვის.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, წევრი გახდეს“, – განაცხადა ხოსე მანუელ ბაროზომ.