რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ის მუშაობას გააგრძელებს, პროტესტის მიუხედავად.
„აფხაზეთის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ადგილზე არიან, ადგილზე იქნებიან და გააგრძელებენ მუშაობას“, – აღნიშნა ასლან ბჟანიამ.
ოკუპირებულ სოხუმში ვითარება დილიდან არის დაძაბული. ადამიანები მოითხოვენ, რომ ე.წ. ხელისუფლებამ გაიწვიოს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევს.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო და დოკუმენტის რატიფიცირებისთვის უნდა ეყარათ კენჭი. თუმცა სხდომა დღის წესრიგის არდამტკიცების გამო ვერ შედგა. მოგვიანებით ვითარება მიტინგზე უკონტროლო გახდა.